ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევის შემდეგ, ჯესი ჯეი სცენაზე ბრუნდება. არტისტმა მსოფლიო ტურნე დააანონსა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკას, კანადას, დიდ ბრიტანეთსა და ევროპას მოიცავს.
The No Secrets Tour სტარტს 21 იანვარს აიღებს და 26 აპრილამდე გასტანს.
აღსანიშნავია, რომ ტურნეს კონცერტების უმრავლესობაზე უკვე ,,სოლდ აუთ” გამოცხადდა. ამასთან, მანჩესტერში გასამართ პერფორმანსზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში, 10 წუთში გაიყიდა.
როგორც ცნობილია, ტურნეს განმავლობაში მომღერალი უახლესი დისკის – Don’t Tease Me with a Good Time სიმღერებთან ერთად, შემოქმედების საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს. 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯესი ჯეიმ მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელზეც 5 წელი მუშაობდა, შარშან 28 ნოემბერს გამოუშვა.
შეგახსენებთ, რომ ჯესი ჯეიმ გასული წლის ივნისში, Capital’s Summertime Ball-ზე გამოსვლისას საჯაროდ გაამხილა, რომ მკერდის სიმსივნის ადრეული სტადია დაუდგინეს. ივლისში მან პირველი ოპერაცია ჩაიტარა, ექვსი კვირის შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა კვლავ დასჭირდა. ჩატარებული ანალიზების მიხედვით, კიბოს უჯრედები არ გავრცელებულა.