აშშ-ში დააპატიმრეს კაცი, რომელიც ბანკის გასაქურდად სუპერმარკეტის ურიკაში ჩასმულ ბავშვთან ერთად მივიდა. New York Post-ის ინფორმაციით, შემთხვევა ტეხასში მოხდა.
44 წლის რონი ნიუმანი 6 ივნისს First Convenience Bank-ის ერთ-ერთ ფილიალში შევიდა და თან მცირეწლოვანიც ახლდა. მამაკაცი პირდაპირ სალაროსკენ გაემართა და მოლარეს წერილი გადასცა. წერილში მუქარა და ფულის მოთხოვნის ბრძანება იყო გაჟღერებული. დაუზუსტებელი თანხის მიღების შემდეგ, დამნაშავემ ურიკა გასასვლელამდე მიაგორა, ბავშვი ხელში აიყვანა და გაიქცა.
ძარცვის გამოძიებას მაშინვე FBI ჩაუდგა სათავეში. რონი 17 ივნისს დააკავეს მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ფოტოებში ის გამვლელებმა ამოიცნეს და პოლიციაში დარეკეს.
FBI არ აზუსტებს თუ რა ნათესაური კავშირია დაკავებულსა და ბავშვს შორის, რომელიც შემთხვევით დანაშაულის თანამზრახველად იქცა.