იაპონიაში, საიტამას პრეფექტურის მაცხოვრებელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და შემდეგ მისი გატაცება სცადა. ამის შესახებ Japan Today წერს.
ინციდენტი 20 იანვრის საღამოს მოხდა. 46 წლის ჰიროსი ჰირატამ სასწრაფოში დარეკა და მუცელში ძლიერი ტკივილების გამო დახმარება ითხოვა. გამოძახებაზე მისულმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი უბრალოდ ნასვამი იყო. მათ ჰიტარას ისიც აუხსნეს, რომ ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა.
იაპონელს ეწყინა და გაბრაზდა. ის ექიმებს დანით დაემუქრა, შემდეგ ქუჩაში გაიქცა, ჩაჯდა სასწრაფოს მანქანაში და წავიდა. პოლიციამ მანქანა და გამტაცებელი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით იპოვეს.
დაკავების შემდეგ ჰირატამ განაცხადა, რომ მედიკოსების მიერ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმამ გააბრაზა. „ვიფიქრე საავადმყოფომდე თავად მივიდოდი“, – ასე ახსნა იაპონელმა თავისი საქციელი.
თუ რა სასჯელი ემუქრება ურჩ იაპონელს, უცნობია.