მამაკაცი, რომელიც სელინ დიონის კონცერტს უყურებდა და თან ალკოჰოლს მიირთმევდა, გაოცებული დარჩა როდესაც ფოსტიდან უცნაური წერილი მიიღო. ოფიციალურ ცნობაში განმარტებული იყო, რომ მას ამიერიდან სელინ დიონი ერქვა.
ცნობილი შემსრულებლის დიდი თაყვანისმცემელი, რომელსაც წარსულში ტომას დოდის სახელით იცნობდნენ, ფიქრობს რომ „დიდებული იდეა“ ალკოჰოლისა და სელინ დიონის საოცარი ხმის დამსახურებაა.
,,სელინ დიონი” (30 წლის ბრიტანელი მენეჯერი და არა კანადელი ვარსკვლავი) ამბობს, რომ დედამისმა მის საქციელში სახალისო ვერაფერი ნახა, და კი დღემდე შოკშია. თუმცა, მამაკაცი სახელის შეცვლას არ აპირებს და გეგმავს რომ საყვარელი შემსრულებლის სეხნია იყოს.
ახალი სახელის მისაღებად ბრიტანელმა 89 ფუნტი გადაიხადა და თან რამდენიმე ცნობა დაამზადა, რათა თავის გადაწყვეტილებაში ბოლომდე დარწმუნებულიყო.
„არ მოგატყუებთ და მასზე ვგიჟდები“ – უთხრა მამაკაცმა The Mirror–ს.
„ლოკდაუნის დროს ტელევიზიით არაერთ კონცერტს ვუყურე. ერთ–ერთი კონცერტი სელინ დიონის იყო და „გენიალური იდეა“ ალბათ მაშინ გამიჩნდა. სახელი როგორ შევიცვალე ნამდვილად არ მახსოვს, ზედმეტად ნასვამი ვიყავი. სამსახურიდან დავბრუნდი და საფოსტო ყუტში დიდი თეთრი კონვერტი დამხვდა. როდესაც კონვერტი გავხსენი, კინაღამ გული გამისკდა. ერთადერთი რაზეც ვდარდობ ისაა, რომ მეილის შეცვლა მომიწევს და როგორ მიმიღებენ სამსახურში ახალი სახელით არ ვიცი. გზაზე პოლიციამ თუ გამაჩერა, ჩემი სახელი მათთვისაც ძალიან სახალისო იქნება.“