LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაცს ვერ იპოვით, ის არ უყვარდეს, რაც კი აღმატებული ეპითეტი არსებობს, ყველაფერი მემეტება, არასდროს დამავიწყდება რა მიპასუხა, როცა იუბილეს გამართვა შევთავაზე…“ – მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, მაკა გოგიჩაიშვილი 80 წლის გახდა

244
მაკა გოგიჩაიშვილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, მაკა გოგიჩაიშვილი 80 წლის გახდა – მსახიობს საიუბილეო თარიღს მეგობრები და კოლეგები ულოცავენ.

გამორჩეულად ულოცავს მას დაბადების დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილიც და მსახიობს, რომელმაც 60 წლის განმავლობაში, ამავე თეატრის სცენაზე არაერთი გამორჩეული როლი განასახიერა, ემოციურ ტექსტს უძღვნის.

„დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის ყველასაგან გამორჩეული არტისტი მაკა გოგიჩაიშვილი 80 წლის შესრულდა.

ძვირფასი ქალბატონისთვის რაც კი რამ აღმატებული ეპითეტიც კი არსებობს, ყველაფერი მემეტება. მან ეს დაიმსახურა, იმ ცხოვრების წესით, როგორადაც განვლო თითქმის 6 ათეული წელიწადი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასში.

მაკა იყო საოცრად ეშხიანი მარიტანა თემურ ჩხეიძის სპექტაკლში „დონ სეზარ დე ბაზანი“… იყო ანჟელიკა შალვა გაწერელიას უკვდავ სპექტაკლში „კუკარაჩა“, იყო „ოთარაანთ ქვრივი“ მაია შენგელიას ამავე სახელწოდების დადგმაში… ჩემი ბავშვობის მოგონებიდან ბიჭუნას დედა იყო ქეთი ხარშილაძის „ბიჭუნა და კარლსონში“… რომელი ერთი გავიხსენო…

მე, როგორც რეჟისორს, მქონდა ბედნიერება, მას სამჯერ შევხვედროდი სარეპეტიციო დარბაზში. სხვადასხვა მიზეზთა გამო ორი წარმოდგენა ვერ შედგა, თუმცა „მე ვხედავ მზეს“ აგერ უკვე მეთერთმეტე სეზონია გადის ჩვენი თეატრის რეპერტუარში. მაკა გოგიჩაიშვილი არის თვითკმარი პიროვნება. ის უბედნიერესი ქალბატონია, საოცარი მეუღლე ჰყავდა, საოცარი შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაშია, თეატრშიც, რომლისთვისაც არასდროს უღალატია, კაცს ვერ იპოვით, ის არ უყვარდეს. ახალგაზრდები უდიდეს პატივს სცემენ, ისიც სულ მუდამ მათ ფერებაშია.

არ არსებობს, მაკას თვალს გამოეპაროს „თეატრის კაცი“. აკვირდება მათ, გულშემატკივრობს და თუ მათში ნიჭსა და შრომის წყურვილს შეამჩნევს, უბედნიერესია ხოლმე. მაკა გოგიჩაიშვილი არის ის ადამიანი, რომლისგანაც მაგალითი უნდა აიღონ. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იშრომო თეატრში – საქმის სიყვარულითა და თავდადებით, თანაც ამბიციებისა და „ყოყლოჩინობების“ გარეშე. მისი თავმდაბლობის გამოვლინებაა ისიც, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ყოველგვარი იუბილეს ან მსგავსის გამართვის. არასდროს დამავიწყდება რა მიპასუხა, როცა იუბილეს გამართვა შევთავაზე – „რა საჭიროა? ვერიკო ვარ? ვიყავი, ვიშრომე, ცდა არ დამიკლია, რომ ჩემი თეატრი და მაყურებელი არ შემერცხვინა. რაღაც როლები უკეთ ვითამაშე, რაღაც ისე რა… მორჩა. იუბილეები კი ეპოქალური არტისტებისთვის დამითმია“.

დიდი ქალბატონი მაკა უყვარს თავის კოლეგებს, უყვარს თავის მაყურებელს, უყვარს თავის გულშემატკივრებს. მე განსაკუთრებულად მიყვარხართ, ძვირფასო ქალბატონო და დარწმუნებული ვარ, ბევრი შემეცილება ამ სიყვარულში, რადგან თქვენი არსიყვარული წარმოუდგენელია! გილოცავთ! გვიყვარხართ! გვეიმედებით!“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის ყველასაგან გამორჩეული არტისტი მაკა გოგიჩაიშვილი 80 წლის შესრულდა. ძვირფასი…

Posted by Dimitri Khvtisiashvili on ორშაბათი, 24 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g