ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ. მეუფე პეტრემ დღეს დეკანოზი გიორგი „მატროსოვის“ ციხეში მოინახულა.
მიტროპოლიტს არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის მეუფე დიმიტრის.
„თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს, თუ ბოლომდე სახელმწიფოებრივად სამართლიანად და მართლმადიდებლურად არ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.
იგი დარწმუნებულია, რომ მამა გიორგი სრულიად უდანაშაულოა.
„მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი. ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, მომხდარი არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა.