„საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული საკითხები, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა
როგორც კაია კალასმა სამიტზე საუბრის დროს აღნიშნა, „ერევნის სამიტი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია“ – „განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, – თქვა კაია კალასმა.
შეკითხვაზე – ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფანი – კაია კალასმა აღნიშნა:
„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმას, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ყველა განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია, შემცირდეს ერთი სავაჭრო გზის დახურვის რისკები. სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი დაკავშირებადობა და ეს მარშრუტები. რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები“, – თქვა მან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს კი კაია კალასმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს.
„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – თქვა კაია კალასმა.
