ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერის შესყიდვის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელში კახა კალაძე წერს, ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს უბრუნდება.
„იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საუკუნეების შემდეგ საქართველოს უბრუნდება – ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ეს იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერია, რომელიც საქართველოში იქნება დაცული.
ქართველმა სასულიერო მწერალმა და მეცნიერმა იოანე ზოსიმემ, რომლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ უდიდესი პატრიოტული საგალობელია, თავისი ღვაწლი და „ქება“ მიუძღვნა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის ფენომენს.
ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდესი საგანძურის დაბრუნებას!“, – წერს კახა კალაძე.