თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ბოლო პერიოდში იმ სიკეთეებს, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან არის დაკავშირებული, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებს.
ამის შესახებ მან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„უსამართლო დამოკიდებულებაა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ არის პირველი შემთხვევა. ზოგადად, ევროკავშირი იმ სიკეთეებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის პროცესთან, ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. ეს ძალიან მძიმეა. როდესაც მათი განცხადებები, რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ევროპულ მომავალთან, ევროინტეგრაციის პროცესთან. ეს არის პოლიტიკური განცხადებები, პროცესი, რომელიც გაჯერებულია ტყუილითა და ცილისწამებით. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს, რომელთა „მესიჯები“ აბსოლუტურად სიცრუეზეა დაფუძნებული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ერთადერთი, ბოლო იარაღი, რაც დარჩათ, ეს არის ვიზალიბერალიზაციის თემა და ამით მიდის შანტაჟი. საერთოდ რა კავშირშია თუნდაც ის კანონები, რომლებიც მიღებულია, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან? აქაც ორმაგი დამოკიდებულებაა. თვითონ იღებენ ასეთ კანონებს, თავიანთ ქვეყნებში მოქმედებს და თურმე საქართველოში არ შეიძლება მივიღოთ. თურმე როგორ შეიძლება ქართულმა სახელმწიფომ ან თუნდაც ქართველმა ხალხმა იცოდეს, საიდან შემოდის ის თანხები, „შავი“ ფული, რომლითაც ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები, სახელმწიფო გადატრიალება? თურმე ეს არ უნდა ვიცოდეთ და დანაშაულია. წარმოგიდგენიათ? ნორმალური დამოკიდებულებაა ეს? ზოგადად, გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს ცუდი ან უპირისპირდებოდეს ევროპულ მომავალს?“, – განაცხადა კახა კალაძემ.