კახეთში სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შუახნის ასაკის ქალს ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ – ინფორმაცია „ფორტუნას“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.
როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოკოთი ინტოქსიკაციით ამავე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული გარდაცვლილი ქალის მეუღლეც, რომელსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ და ბინაზე უახლოეს დღეებში გაწერენ.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გასული სამი კვირის განმავლობაში რეფერალურ საავადმყოფოში სოკოს ინტოქსიკაციით 20-მდე მოქალაქე მოხვდა, რომელთა უმრავლესობაც უკვე გაწერილია, კლინიკაში მყოფ 3 პაციენტს კი უახლოეს დღეებში გაწერენ.
ცნობისათვის, სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირების გამო, მედიკოსები მოსახლეობას მიმართავენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
