ყველა ადამიანი ვართ თავისუფლი ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს დეპუტატების ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ის ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტან შაქარიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უმრავლესობა თავის ღირებულებებს ასცდა.
„ისინი რომ მიდიოდნენ, ვიცოდი. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ყველა ადამიანი ვართ თავისუფლი ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა საკრებულოს დეპუტატებს, რომ „ქართული ოცნება“ აცდა იმ ღირებულებებს, რისთვისაც მივიდა ხელისუფლებაში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„მათ არ ვეთანხმებით, ეს მათი მოსაზრებაა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ქონდეს თავისი მოსაზრება“, – განაცხადა კალაძემ.
ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დღეს დატოვეს და აღნიშნეს, რომ მათი გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.