რამდენიმე საათის წინ, ესპანეთში MTV Europe Music Awards გაიმართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საღამოს ტრიუმფატორი კამილა კაბეიო გახდა. კუბელმა ვარსკვლავმა, რომელიც ყველაზე მეტ, 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი 4 ჯილდო მიიღო. ახალგაზრდა მომღერალი ,,წლის შემსრულებლად” და ,,საუკეთესო ამერიკელ შემსრულებლად” დასახელდა. Fifth Harmony-ის ექს-წევრის Havana, რომელიც Young Thug-თან დუეტია, ,,წლის სიმღერად” და ,,წლის ვიდეოდ” აღიარეს.
,,საუკეთესო ლუქისა” და ,,საუკეთესო ჰიპ-ჰოპის” კატეგორიებში ნიკი მინაჟმა გაიმარჯვა.
ორი ჯილდო გადაეცა შონ მენდესსაც. კანადელმა მუსიკოსმა ,,საუკეთესო ლაივისა” და ,,საუკეთესო კანადელი შემსრულებლის” ნომინაციებში მოიგო.
ხმათა უმრავლესობით, ,,საუკეთესო ახალ შემსრულებლად” ქარდი ბი აირჩიეს, დუა ლიპა კი ,,საუკეთესო პოპისთვის” დაჯილდოვდა.
სოციალურ ქსელში აქტუალობას არ კარგავს სამხრეთ კორეული ბენდი BTS. ჯგუფმა ჯილდო ,,ყველაზე აქტიური ფანებისგან” მიიღო.
საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო ჯენეტ ჯექსონი. ლეგენდარულ მომღერალს სპეციალური ჯილდო Global Icon გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ არიანა გრანდე და Post Malone, რომელთაც წლევანდელ დაჯილდოებაზე 5-5 ნომინაცია მიანიჭეს, ჯილდოს გარეშე დარჩნენ.
ლუზერთა სიაში მოხვდა ასევე დრეიკი, რომელიც 4 ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდა.
შეგახსენებთ, რომ ,,ემტივი ევროპის მუსიკალური დაჯილდოების” გამარჯვებულები ხმის მიცემის პრინციპით ხალხმა გამოავლინა. ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელი იყო.