LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინში “გამომწყვდეული” ბავშვები და ბრძოლა მათი უფლებებისთვის

178
FORTUNA.GE (24)

ორთვიანმა სახლურმა კარანტინმა და საგანგებო რეჟიმმა ყველა ჩვენგანზე რაღაც კვალი დატოვა. ამ ყველაფერმა ჩაიარა და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში თუ არა მასთან დაახლოებულ პირობებში ვაგრძელებთ, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ უწევთ კარანტინში ყოფნა, იძულებით და სახლიდან მოშორებით. მათთვის ეს საკმაოდ სტრესულია – განსაკუთრებით სტრესული კი ეს ყველაფერი ბავშვებისთვისაა.

 

ანა არგანაშვილი უფლებადამცველია. ეპიდემიის დროს, მან საკუთარი შვილის უფლებებისთვის დაიწყო ბრძოლა. ამ ბრძოლაში აღმოაჩინა, რომ მარტო არაა და მისი ბავშვის მსგავსად, სხვების შვილებიც გახდნენ უყურადღებო სისტემის მსხვერპლი.

ბავშვები, რომლებსაც კარანტინში უწევთ ყოფნა 14 დღე სრულ სტრესში არიან. ოთხ კედელში ნორმალურად მოძრაობის, გართობის და განვითარების საშუალება არ აქვთ. ასევე პრობლემატურია მათი კვება.

“უდიდეს ფსიქიკურ სტრესს იღებენ, არ აქვთ ადეკვატური კვება, შეზღუდული აქვთ მოძრაობა, მიეჯაჭვნენ კომპიუტერებს, გაუუარესდათ გუნება-განწყობა, დაეწყოთ უმოძრაობით გამოწვეული სომატური პრობლემები,  ითხოვენ საკუთარ სახლში ყოფნას.

არცერთი ბავშვი არ უნდა ითვლიდეს დილას ერთი კედლიდან მეორე კედლამდე ნაბიჯებს და არ უნდა ამბობდეს, დედა 42-ჯერ გავირბინე 7 ნაბიჯი და ვარჯიში გამომივიდა ხო? სხვები რომ გაუშვეს სახლში, ჩვენ რატომ არ გვიშვებენ?,” – ამბობს ის.

 

სასამართლო დღესაა, ანას და მის ოჯახს კარანტინში კიდევ 5 დღის გატარება უწევთ. რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ეს მათზე არ აისახება, თუმცა იმოქმედებს სხვა მშობლებზე.

“ამდენ ამბავში, გადის ჩვენი კარანტინის ვადა, მაგრამ სხვა ბავშვების დასახმარებლად მაინც უნდა ვიბრძოლო.

სახელმწიფო ვალდებული იქნება შეცვალოს სისტემური მიდგომა, ვინაიდან ყველა ბავშვს თანასწორად უნდა მოეპყრას” – ამბობს უფლებადამცველი “ფორტუნასთან”.

 

არგანაშვილი სხვა საინტერესო ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კარანტინში ბავშვებს გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა, შესაძლოა იმაზე მეტი პრობლემა შეექმნათ, ვიდრე თავისუფლებაში მყოფებს შეექმნებოდათ.

“კარანტინის სასტუმროებში საერთო კონდიცირების სისტემა რომ არის, ყველა ოთახში გამავალი, ეგ კონდინცირება საშიში არ არის და გამოცდების დროს ინდივიდუალური კონდინციონერის ჩართვაზე იყო პრობლემა?

პროდუქტებს რომ ვიწერ, ხომ არ ფიქრობთ, რომ აქ სპირტი და  დეზინფექციის საშუალება მაქვს და ყველაფრის დასპირტვას ვახერხებ, როგორც თქვენ სახლში? რა თქმა უნდა, არც ქაფი მაქვს და არც სუფთა წყლის ნიჟარა რომ გავრეცხო ყველაფერი საპნით, რაც მაღაზიიდან მოაქვთ.

თქვენ ერიდებით გარეთ გაკეთებულ საკვებს, კოვიდის რისკების გამო? მე ყოველდღე ამ რისკზე მივდივარ, რადგან, ბავშვი არ ჭამს სასტუმროს საკვებს. მე არც შინ გაკეთების შესაძლებლობა მაქვს და ვერც ოჯახიდან  მომაწვდიან, რომელი უფრო დიდი რისკის ქვეშ ვართ?

სინამდვილეში, ბავშვებს   უფრო მაღალი რისკი შეუქმნეს ვიდრე,  ზრდასრულ მოსახლეობას. თან, ამ რისკის გაზრდა სახელმწიფოს ქმედებით მოხდა. ბავშვთა უფლებების კონვენციისთვის მაინც ჩაეხედა ვინმეს მთავრობაში ან პარლამენტში”, – წერს არგანაშვილი.

 

 

პრობლემებზე სხვა დედებიც ჩივიან, თუმცა არა სასამართლოში. მათი ნაწილი “ფეისბუქზე” ახერხებს აზრების გამოხატვას. ნაწილი კი ამასაც ვერ ახერხებს.

“ჩემი წლის და რვა თვის იყო ორი კვირა გამოკეტილი, ამას გარდა, გარედან რომ არ შემოეწოდებინათ, არანაირი კვება არ იყო გათვალისწინებული ბავშვზე. არ ვიცი ვინმე თუ აჭმევს მაიონეზიან კომბოსტოს, მოუხარშავ კარტოფილს, ნახევრად უმ კატლეტს და კიდევ მსგავს რაღაცეებს ბავშვს.

ამ ყველაფერთან ერთად არ გამიმართლა და ოთახში ტკიპამ დამიკბინა ბავშვი და კარანტინიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ისევ მსუბუქ დამამშვიდებელს ვასმევ. მამადლიან სანაგვე და შიმშილში გატარებულ ორ კვირას. სამაგიეროდ უფასო იყოო” – წერს ერთ-ერთი დედა.

 

ამ “უფასო” კარანტინისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე მთავრობის მიერ გამოყოფილ სივრცეებში 3903 ადამიანი რჩება.

 

“ფორტუნა” ჯანდაცვის სამინისტროდან ეცადა პასუხების მიღებას. კითხვებზე, რამდენი ბავშვია ამ ეტაპზე კარანტინში განთავსებული და რატომ არ ეძლევათ თვითიზოლაციაში გასვლის საშუალება, მათ ვისაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ჯერჯერობით პასუხები არ მიგვიღია.

გუშინ, არასრულწლოვნების კარანტინში მოთავსებას ბრიფინგის დროს გამოეხმაურა პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ოჯახები ადეკვატურ ფართებში განთავსდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g