ავსტრიული ბუნდესლიგის 27–ე ტურის მატჩში ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.ვენის “რაპიდმა” გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ “ვოლფსბერგერს” გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 მოუგო.
საინტერესოა, რომ “ვოლფსბერგერის” რიგებში ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა,ქართველმა ფორვარდმა კუთხურის დროს ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
პოლონური ექსტრაკლასას 28-ე ტურში საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა 5-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. “ტერმალიცასა” და “პოგონის” კი დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლამ“ ვროცლავში „შლიონსკთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მერებაშვილის წაქცევისთვის 36-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. „ვისლას“ ვებგვერდმა გულშემატკივრებს მიანდო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება და ქართველი შემტევი საუკეთესოდ აღიარეს.
ნიკა კაჭარავას “კორონა” საკუთარ მეოდანზე “გურნიკს” დაუზავდა – 2:2.
ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 69 წუთი ითამაშა.
შეხვედრის მეორე წუთზე კაჭარავამ პენალტი მოიპოვა, 63-ე წუთზე კი გოლის გატანა შეძლო და ანგარიში ორამდე გაზარდა.
ლუკა ზარანდია კვლავ გდინიას „არკას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი გათამაშების ლიდერ „იაგელონიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა. 21 წლის ქართველი 61-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 31-ე ტურში ტარაგონას „ჟიმნასტიკმა“ შინ „კორდობასთან“ 0:2 წააგო. მასპინძელთა რიგებში ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.
„სევილია 2“-მა შინ „ალბასეტესთან“ 1:2 წააგო. გიორგი აბურჯანია მასპინძელთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
შვეიცარიის სუპერლიგაში ვაკო გვილიას „ლუცერნმა“ გასვლაზე „ლუგანო“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
უკრაინაში ფინალური ექვსეულის თამაშები დაიწყო. კიევის „დინამომ“ ქართველების „ვორსკლა“ 4:0 დაამარცხა. სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე სტუმართა ძირითადში იყვნენ. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილ დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში კი დათა ხოჭოლავა გამოჩნდა და შეუცვლელად ითამაშა. დონბასელებმა „მარიუპოლი“ 3:0 დაამარცხეს და ლიდერობა განიმტკიცეს.
დანიის სუპერლიგის 26-ე ტურში ქართველი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის “რანდერსმა” სახლში 4:1 დაამარცხა “ოდენსე” და 20 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
ამ შეხვედრაში ლობჟანიძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და 90+4-ე წუთზე გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში საბამ დანის ჩემპიონატის 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ქართველების “სილკებორგი” კი საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა “კოპენჰაგენთან”. დავით სხირტლაძემ 85 წუთი ითამაშა, ხოლო მათე ვაწაძე 52-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.
ესტონეთის პრემიუმ ლიგის მეოთხე ტურში ზაქარია ბეგლარიშვილის “ფლორამ” მესამე შეხვედრა დიდი ანგარიშით 5:0 მოიგო.
ბეგლარიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე კი მეტოქის კარი აიღო და მის გუნდი 2:0 დააწინაურა.
მორიგი გოლი გაიტანა MlS-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა. „სან ხოსემ“ კი გასვლაზე „კანზას სიტისთან“ 3:2 წააგო.
ვაკომ შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა.
ახალ სეზონში „სან ხოსემ“ ორი მატჩი ჩაატარა, ყაზაიშვილმა ორივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია.
გიორგი ხარაიშვილმა ახალ კლუბში პირველი გოლი გაიტანა. შვედური „გეტებორგის“ 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეს “ბრომაპოიაკარნასთან” ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა.
შეხვედრა “გეტებორგმა” 3:0 მოიგო, ხარაიშვილი კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.