14 მარტს, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა და „გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“.
აღნიშნულ შეხვედრას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „პირველი არხის“ ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ „კარგია, როდესაც აშშ-ის ელჩი და დიპლომატი მიბრძანდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში“.
„კარგია, რომ აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ ნდობა გამოცხადებული მთავრობის ერთ-ერთი წევრის, მაკა ბოჭორიშვილის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ზუსტად ასეთ განცხადებებს. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა აგენტურის ძალიან ბევრ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ასეთ ურთიერთობებს და გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, მათ შორის, ვგულისხმობდით იმ ყველაფერს, რომელიც იყო წარსულში ძალიან ცუდი გამოცდილებები, ამ გამოცდილებების შეცვლას და ურთიერთობების დამყარებას ისეთ დონეზე, როგორც ეს შეეფერება ორ თანაბარუფლებიან ღირსეულ ქვეყანას.
ვნახოთ, როგორი იქნება დამატებით განვითარებული მოვლენები. რაც მთავარია, ინფორმაციები გაცვლილია, ისაუბრეს პირველმა დიპლომატმა და შესაბამისად, ელჩმაც და ვნახოთ შემდეგში განვითარებული მოვლენები. კარგია, რომ ასეთი შეხვედრები შედგება.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით წარსულში, ჩვენი გუნდის არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველასთან ვისაუბროთ, იქნება ეს დახურულ კარს მიღმა, თუ ღიად. ასე, ანალოგიურად გავაგრძელებთ ყველასთან საუბარს, მათ შორის, ჩვენი სიმართლის თქმას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას და ჩვენი არგუმენტაციის წარდგენას. რა თქმა უნდა, მოვისმენთ სხვა პასუხებსაც, სხვა საფუძვლებსაც. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აუცილებლად გაკეთებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“,– განაცხადა გორდულაძემ.