კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით, პროკურატურამ მოკლულის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა.
კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ცოლი დააკავეს
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 13 მარტს, მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა, ნ.ღ. მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით ,”ქეჩერუხის” დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად პირი გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ,ბრალდებული მოკლულის მეუღლესთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მეუღლემ შეიტყო მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ამასთან, მან, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა.
გარდაცვლილის მეუღლე სამართალდამცველებმა 28 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.