LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატიანის პროდუქცია მოსკოვში გამოიფინება- ბრენდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის

216

”კატიანის” პროდუქცია რუსეთის დედაქალაქში გამოიფინება. ქართული ბრენდი მონაწილეობას გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს, რომელიც 18 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ”კატიანის” ბრენდის ქვეშ წარმოებული მაისურები.

როგორც ”ფორტუნას” ”კატიანის” დამფუძნებელმა და დირექტორმა, ხატია (ლილი) ალფაიძემ განუცხადა, მოსკოვური გამოფენა-გაყიდვა ქართული ბრენდების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ქართული კომპანიები მიიღებენ.

”რაც შეეხება იმ პროდუქციას, რომელსაც ვაწარმოებთ, ესენია: ჭიქები, მაისურები, ჩანთები, ბლოკნოტები, წიგნის სანიშნები, გულსაბნევები და სხვა აქსესუარები სხვადასხვა ფისოების გამოსახულებით. ამასთან, ”კატიანს” დავამატეთ ახალი ხაზი – ”კატიანი და მეგობრები”, – აღნიშნა ხატია (ლილი) ალფაიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”კატიანის” პროდუქცია საქართველოში თანდათან უფროდაუფრო პოპულარული ხდება. ბრენდის ნაწარმი, ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება, თუმცა ცოტა ხნის წინ ”კატიანმა” ი.აბაშიძის 22 ნომერში საკუთარი შოურუმიც გახსნა, სადაც მომხმარებელს ასევე შეუძლია ბრენდის სამოსისსა და აქსესუარების შეძენა.

”საქართველოში კატები ან ძალიან უყვართ, ან უპირატესობას ძაღლებს ანიჭებენ. მაგრამ ვისაც კატა უყვარს, სიგიჟემდე უყვარს და ჩვენგან მუდმივად სიახლეებს ელიან. დიდი იყო მოთხოვნა ძაღლებზე, გვეკითხებოდნენ, ძაღლები არ გყავთ? სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გამოვუშვით ხაზი – “კატიანი და მეგობრები”, სადაც პირველ ეტაპზე, საყვარელი ცუგები შემივიყვანეთ, სამომავლოდ კი, ეტაპობრივად დავამატებთ სხვა შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს. იმისთვის, რომ სხვადასხვა შინაური ცხოველებისა, თუ ფრინველების მოყვარულთა ინტერესებს მოვერგოთ. – აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა და დირექტორმა.

როგორც ხატია (ლილი) ალფაიძე ამბობს, ბრენდი მუშაობს ინვესტორების მოძიებაზეც, რათა უახლოეს მომავალში ”კატიანის” პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს.

”რაც შეეხება ”კატიანის” დაარსების მიზანს, ჩემი ბრენდი შექმნილია ყველას ბავშვობის საყვარელი ლექსის მიხედვით. მოვლენები ასე განვითარდა: ერთმა უწყინარმა და ცელქმა ფისომ, ვაზა გადმოაგდო და ბებო გააბრაზა. სწორედ აქედან წამოვიდა ”კატიანის” შექმნის იდეაც. ამასთან, ბავშვობიდან მიყვარდა კატები და მინდოდა, მათთვის რაიმე კარგი გამეკეთებინა. ”კატიანი”  გარკვეულ სოციალურ პროექტებშიც არის ჩართული, რომელიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დაცვას ემსახურება. ყველამ უნდა გავიაზროთ ის, რომ ჩვენს მეგობრებს დაცვა და მოფრთხილება სჭირდებათ”, – განმარტა ალფაიძემ.

ცნობისთვის,  ”კატიანი” 2016 წლის ზაფხულში დაარსდა. ბრენდის პროდუქცია არის ექსკლუზიური და მის დიზაინზე ერთი მხატვარი, კონცეფციაზე კი მთელი გუნდი მუშაობს. ამ ეტაპზე ”კატიანში” 5 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი წარმოების კიდევ უფრო გაფართოება განიხილება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ”კატიანი”  #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებშიც მონაწილეობს. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g