LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს

203
Capture

თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

პროკურორმა, როინ ხინთიბაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება მოწმეების ჩვენებებით და ვიდეო მტკიცებულებებით, საიდანაც ჩანს, როგორ აზიანებენ დაკავებულები აღსრულების ბიუროს ავტომანქანას.

რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. როგორც მათ სასამართლოში განაცხადეს, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანებით ცდილობდნენ ყურადღების გადატანას, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.

პროკურორის განმარტებით, დანაშაული მძიმე კატეგორიის არის და 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.