საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეხმიანება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
როგორც კელი დეგნანი აცხადებს, ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ სასამართლო პროცესში ერეოდა, სიმართლეს არ შეესაბამება:
“ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული”, – აცხადებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.