„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს ინტერვიუს სერიალ „კეთილების“ რეჟისორთან და მსახიობთან, გიორგი ჩუბინიძესთან.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– “კეთილების” მისამართით ხშირად ისმის კრიტიკა ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით. ამაზე რას იტყვი?
– რომ იგინები, რატომ იგინებიო? არ იგინები, რატომ არ იგინებიო და რა ვიცი, ხალხი ყველაფერზე ლაპარაკობს. ჩემი აზრით, ჩვენი პერსონაჟები მაქსიმალურად ბუნებრივები არიან და მორგებულნი რეალობას.
– რადგან სატელევიზიო პროექტი გახდა, ცენზურა ხომ არ იქნება?
– გვიან გადის და შესაბამისად, არ იქნება.
– ვიბნევი…
– …ხშირად. ჭიათურელი ვარ, კომპლექსებიც მაქვს, მაგრამ ჩემს დაბნეულობას თავად განვმუხტავ, არ ხდება სხვისთვის შესამჩნევი.
– ჭიათურლობა და კომპლექსები ერთმანეთთან რატომ დააკავშირე?
– ჭიათურაში 90-იანი წლები 2010-მდე იყო. ჭიათურელ ბავშვს ბევრი კომპლექსი შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც იმის გამო, რომ ბევრი არაფერი აქვს ნანახი. კომპლექსები იყო ჩემს ცხოვრებაში, დღესაც არის, ამას არაფერი ეშველება.