„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილზე საუბრითა და ისტერიკით საქართველოს არაფერი ეშველება.
მისივე თქმით, ეს უბრალოდ დროის დაკარგვაა, რადგან გაფლანგულ მილიონებს არაფერი დააბრუნებს.
„თუ სადმე გამოძიება დაიწყება, დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი თავისი ადვოკატებით თავის თავს აუცილებლად მიხედავს. კეზერაშვილზე რომ ლაპარაკობენ, ისტერიკა აქვთ, მაინტერესებს, ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს? ამით გელათს ეშველება? ამით რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება და ასობით მილიონია გაფლანგული და შეჭმული, ამას ეშველება? ეს არის კონკრეტული თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობა. დღეს მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე, ხვალაც რომ დავკარგავთ, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული. BBC- ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც BBC წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ.
„BBC-ის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფსა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. „ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, BBC წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.
ამავე თემაზე:
„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე
