„ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით რაიმე გამოძიება იარსებებს, მას პასუხი აუცილებლად გაეცემა.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო დაფინანსებაზე, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა.
„დავით კეზერაშვილი საკუთარ თავს მიხედავს, მით უმეტეს თუ საზღვარგარეთ გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცემა. ჩვენ მივხედოთ ევროკავშირის რეზოლუციებს, რომ წერია რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნისო. ამ პრობლემებს მივხედოთ – მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან, რუსეთში რომ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის დღეს უმნიშვნელოვანესი.
დარწმუნებული ვარ, თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს, პასუხი გაეცემა. ამიტომ, დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს, უბრალოდ, საქართველოში დღეს რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განმსაზღვრელი ვერ არის.
ეს შეიძლება სამთავრობო მედიას გინდოდეთ. ცხადია, უმნიშვნელოვანესია ის სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ასევე მინდა შევახსენო საზოგადოებას, იმ სქემაში ნახსენები ადამიანები, საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნეს მოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, მან თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადება გააკრიტიკა, რომ დავით კეზერაშვილის პერიოდში მილიონობით ლარი გაიფლანგა:
„ჯუანშერ ბურჭულაძე არის ბიძინა ივანიშვილის ბანკის პლასტიკური ბარათების დამმზადებელი და მას რომ საქართველოს თავდაცვა, უსაფრთხოება, აბარია, ეს არის ოლიგარქიული მმართველობა. ეს არის გამოძიების საგანი, როგორ მოხდა პლასტიკური ბარათების დამმზადებელი კაცი პირდაპირ თავდაცვის მინისტრი. როცა ოლიგარქიულ, რუსულ მმართველობაზე ვსაუბრობთ, ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორია ოლიგარქიული მმართველობა“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.