LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე ქუთაისში ბათილი ბიულეტენების გადათვლასა და რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

74
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისში 20 უბნის გადათვლასა და რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს. ამის შესახებ მან, დღეს პარტიის შტაბში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

დეკანოიძის განცხადებით, 124 უბნიდან 20 უბანზე დისბალანსი იყო, შესაბამისად, პარტიისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მოითხოვონ გადათვლა იმ 20 უბანზე, სადაც ბალანსი არ დაჯდა.

„იმიტომ, რომ როგორც წესი, ამ 20 უბანზე და კიდევ უფრო მეტ უბანზე განმწესებულები იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები, ვინც წარმოადგენენ საოლქო საარჩევნო კომისიაში ე.წ. დამოუკიდებელ „ტრენერებს,“ — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში, სადაც 124 უბანია, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს მხოლოდ 2 222 ხმით გაუსწრო, საერთო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა კი, ჯამში 2 396 იყო, ანუ გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე კანდიდატებს შორის სხვაობა.

დეკანოიძე ასევე მოითხოვს ბათილი ბიულეტენების გადათვლას. ამასთან, ის განსაკუთრებით გამოყოფს კოვიდუბანს და აცხადებს, რომ იქ არანაირი ფარულობის პრინციპი არ მოქმედებდა და დაფიქსირდა დისბალანსიც.

„კოვიდუბანზე დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა იყო 518, აქედან მონაწილეობა მიიღო 441-მა და მხოლოდ 68 ხმა აიღო ოპოზიციურმა, 356 — „ქართული ოცნების“ კანდიდატმა. 15 ბიულეტენი არის ბათილი. კოვიდუბანზე, სადაც არ მოქმედებდა არანაირი ფარულობის პრინციპი, მათ შორის, ამ უბანზე არის დისბალანსი.

შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ ამ უბნის არა მხოლოდ გადათვლას, არამედ გაბათილებას, იმიტომ, რომ ამხელა სხვაობა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და მათ შორის, ფარულობის დარღვევის პრინციპის გათვალისწინებით, ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი,“ — აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პრობლემები შეიქმნა გადასატანი ყუთის შემთხვევაშიც და მათ ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ იქ რეგისტრაციის გავლის საშუალება. დეკანოიძის განცხადებით, მათ არ იციან რა პირობებში ტარდებოდა არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც, სადაც 155 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 123-მა ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცა.

„გამოიკვეთა ძალიან ბევრი უბანი, სადაც რეალური მანიპულაცია და ზემოქმედება ადამიანის ნებაზე იყო იმდენად თვალსაჩინო, რომ ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ადამიანების ნებაზე ახდენდა და ამ უბნების გაბათილებას მოვითხოვთ, ვინაიდან გვაქვს ყველა ის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანების კონცენტრაცია ამ უბნებზე ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ამომრჩევლის ნებაზე. ეს უბნებია: 15, 14, 40, 41, 43, 69, 70, 71,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოპულალურები