ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე დღეს ქორწინების 5 წლის იუბილეს აღნიშნავენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს, გოგონები. ხატია ხუმრობს, რომ 5 წლის თავზე, შეიძლებოდა 5 შვილიც ჰყოლოდათ, რომ არა ექიმების აკრძალვა. მაგრამ ხატია აუცილებლად აპირებს მეოთხე შვილის გაჩენას.
ხატია სიჭინავა:
დღეს ქორწინების იუბილეს ვიწრო წრეში აღვნიშნავთ, მეგობრების გარემოცვაში. 5 წლის განმავლობაში, გარდა ბევრი შვილისა, ჩვენს ცხოვრებაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ისევ შეყვარებულები ვართ, ისევ ისე მოგვწონს ერთმანეთის სიურპრიზებით გახარება. რაც შეეხება შვილებს, მეოთხეს აუცილებლად გავაჩენ, მაგრამ ექიმების აკრძალვა რომ არა, ალბათ, ამ ხუთ წელიწადში ხუთ შვილს გავაჩენდი (იცინის).
ამ დღეს სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ ხოლმე, ზოგჯერ მეგობრების წრეში, ზოგჯერ ქვეყნიდან გასვლით. წინა წელს ქორწინების პარაკლისი გადავიხადეთ. ეს არის რიტუალი ავი თვალისგან დასაცავად. მამაო მოდის და ლოცვებს გიკიტხავთ. ვფიქრობ, ყველა წყვილმა რამდენიმე წელიწადში ერთხელ უნდა მიმართოს ამ რიტუალს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ მომავალ წელს. ყოველ წელიწადს არ არის აუცილებელი.
ავი თვალისგან დასაცავი რიტუალი რატომ დაგჭირდათ?
ყველა მეუბნება, „ფეისბუქზე“ რომ დებ სტატუსებს შენი ბედნიერების შესახებ, ფოტოებს, რამდენი ბოროტი ადამიანი დადის ამქვეყნად, შეიძლება, ცუდად შემოგხედონო. ზოგადად, ასეთი რაღაცების არ მჯერა, რადგან ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე პარაკლისის გადახდა წინა წელს.
შენ და რამაზმა უკვე უსახსოვრეთ ერთმანეთს საჩუქრები?
ყოველ წელს ვყიდულობთ ხოლმე სამახსოვრო საჩუქრებს, სიმბოლურად, არაფერს გრანდიოზულს. ახლა გამოვედით სახლიდან და ცალ-ცალკე წავედით, რადგან ხის იუბილე გვაქვს, ასე ჰქვია 5 წლისთავს, გადავწყვიტე, რაიმე ხის ნივთი შევიძნო. 25 ყოფილა ვერცხის, 50 ოქროსი და შემდეგ მოდის ბრილიანტის, არ ვიცი, რამდენ წელს აერთიანებს, მაგრამ იქამდე თუ ვიცოცხლე, კარგი იქნება (იცინის).
ნინო მურღულია
