LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: პირადად პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ლევან ბერძენიშვილს მის სახლთან 20-მდე ახალგაზრდა დახვდა

160
ფორტუნა - 2023-05-16T133946.322

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პირადად პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პროფესორ ლევან ბერძენიშვილს მის სახლთან 20-მდე ახალგაზრდა დახვდა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ისინი არაერთხელ თავს ესხმოდნენ ლევან ბერძენიშვილს იმის გამო, რომ მას განსხვავებული შეხედულებები აქვს.

„იღიმოდნენ და კუნთებზე იხედებოდნენ“ – ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა

„გადაცემა, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს, 250 000 ნახვა აქვს, 6 ენაზეა თარგმნილი - ვიღაცამ დღეს ნახა და ჩათვალა, რომ მე უნდა დავისაჯო“, - განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.

„ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობას განცხადებები უნდა ჰქონოდა უკვე გაკეთებული. საქმე ეხება იმ ნიღბიან 20 ადამიანს, რომლებიც აპირებდა, რომ ლევან ბერძენიშვილს სახლთან დახვედროდა. ეს არ არის კონკრეტულად პერსონალური საკითხი, თუმცა, მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პირად ეკისრება პრემიერს და ირაკლი კობახიძეს. პრაქტიკულად, ორგანიზებულად ხდება ადამიანის დისკრედიტაცია და ახლა უკვე სახიფათო მოქმედებებიც“, – განაცხადა სამნიძემ.

მისი განმარტებით, ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რამაც საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. როგორც ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარანტირებულად მიიღოს არჩევნებზე სასურველი შედეგი.

კობახიძე ბერძენიშვილზე: „გახსოვთ რა ილაპარაკა ივანიშვილზე, ცილისწამების მთელი კასკადი – საცოდავია და თავისი პრობლემები აქვს“ 

„ჩვენ ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ ერთი ერთში იმეორებენ სამწუხაროდ და საუბედუროდ უმრავლესობის წარმომადგენლები რუსეთის რიტორიკას. როგორ გადაერთო „ქართული ოცნების“ მთელი ენერგია იმისკენ, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და საკუთარ თავზე მოირგოს კანონები, მათ შორის ისეთი, რომელზედაც აქამდე შეთანხმებულია და 12 რეკომენდაციის ფარგლებშიც ჩაითვალა, რომ ოპოზიცია უმრავლესობასთან ერთად შეთანხმდა ამ საკითხზე.

საქმე ეხება მაგალითად, საარჩევნო კოდექსს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარანტირებულად მიიღოს სასურველი შეფასება, სასურველი შედეგი მომდევნო არჩევნებზე და ასე მოირგოს კანონი საკუთარ თავზე“, – განაცხადა სამნიძემ.

გუშინ, 15 მაისს, ფილოსოფოს ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბებით შემოსილი ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ლევან ბერძენიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, ამ დროს თავად სახლში არ იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ კი ნიღბიანმა პირებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან „პრევენციის მიზნით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძახებაზე“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე პოლიციას დახვდა „მშვიდი ვითარება, არ შეინიშნებოდა რაიმე დაპირისპირება ან სამართალდარღვევის ფაქტი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები