LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ჭყონდიდის ეპარქიის სკოლა-პანსიონის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

105
ჭყონდიდის ეპარქიის სკოლა-პანსიონი

შემცირებული ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მარტვილის მუნიციპალიტეტში, ჭყონდიდის ეპარქიის სკოლა-პანსიონის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.

მაია ცაავა და მარიამ ჟვანია, რომლებით თავადაც პროტესტის მონაწილეები არიან, ამბობენ, რომ გაფიცულია სატრაპეზოს 8 თანამშრომელი, ხელფასით უკმაყოფილონი არიან სხვებიც, თუმცა, სამსახურის დაკარგვის შიშით ღიად საუბარს ერიდებიან.

გაფიცულები ამბობენ, რომ, მათი შრომის ანაზღაურება – 250 ლარი, 100 ლარით მას შემდეგ შემცირდა, რაც ეპარქიაში ახალი მღვდელმთავარი, სტეფანე კალაიჯიშვილი დაინიშნა. აქციის მონაწილეები ხელფასის გასაზრდელად სწორედ მას მიმართავენ.

პროტესტის მონაწილე მაია ცაავა აცხადებს, რომ გაფიცულებმა მიტროპოლიტთან შეხვედრაც მოითხოვეს, რაც ჯერჯერობით არ შესრულდა. მარიამ ჟვანიას თქმით კი, გაფიცულებმა ხელფასის მხოლოდ 44 ლარით გაზრდის დაპირება მიიღეს, რაც არ აკმაყოფილებთ.

„როცა მეუფეს უთხრეს ჩვენი მოსალოდნელი პროტესტის შესახებ, სხვისი დახმარებით შემოგვითვალა, რომ თუ ბოიკოტს აპირებენ, გააგრძელონ ბოიკოტიო. ჩვენ ამ სიტყვებმა გაგვაბრაზა და წყენა გამოიწვია,“ – განაცხადა მარიამ ჟვანიამ და დასძინა, რომ გაფიცულებს არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მეუფე მზად  მათთან შესახვედრად.

გაფიცულები იმედს იტოვებენ, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ჭყონდიდის მიტროპოლიტის – სტეფანეს განცხადებით კი, „ეპარქიის სკოლა-პანსიონის საკითხი არ არის ტელევიზიისა და ჟურნალისტების გადასაწყვეტი. ეს არის ჩვენი ურთიერთობის საკითხი.“

გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, სკოლას მხოლოდ ხელფასის გაზრდის შემთხვევაში დაუბრუნდებიან. ამ დროისთვის სკოლა-პანსიონში 200-მდე მოსწავლე სწავლობს.

magti 5g