“ხელისუფლება ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლაზე წინასწარ იცოდნენ” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
როგორც ის აცხადებს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საგამოძიებო უწყებებმა, ექს-პრეზიდენტის ქვეყანაში ყოფნის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც თავად სააკაშვილის მიერ გავრცელდა ვიდეოები, რადგანაც როგორც ადვოკატი ამბობს, სწორედ იმ დღეს დაიწყო გამოძიება ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ, პირის ვინც სააკაშვილს ბინა დაუთმო.
ბასილაია ამბობს, რომ ცომაიას წინააღმდეგ საქმე არა დანაშაულის დაფარვით ან საზღვრის უკანონო კვეთით, არამედ იარაღის ფლობაზე დაიწყო, რომ მისი შეჩერების, სახლში შესვლის და ჩხრეკის ფორმალური საფუძველი ჰქონოდათ. მისი თქმით, საქმეში დევს პოლიციელების ჩვენებები იმაზე, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ცომაიას იარაღი ჰქონდა. მისივე თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ცომაიას იარაღი არ ჰქონია.
“თუ მმართველმა გუნდმა მართლა წინასწარ იცოდა, გამოძიება მანამდე რატომ არ დაიწყეს და სააკაშვილი ფოთში რატომ არ დააკავეს, როცა ხალხმრავალ გარემოში არ იმყოფებოდა” – აცხადებს ბასილაია
ის არ აზუსტებს თარიღს, როდის შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში და ამბობს, რომ ეს დაკავებამდე რამდენიმე, “დაახლოებით 4 დღით ადრე” მოხდა.