“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის რაც უკრაინაში ახლა ხდება, საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ხდებოდა და რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო სანქციების ნაწილი უნდა იყოს.
ამ განცხადებით გიგა ბოკერია გამოეხმაურა უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს.
“მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობა უნდა აქტიურობდეს მაგ საკითხზე, ჩვენი მთავრობა უნდა იძახდეს, რომ ახლა რაც უკრაინაში ხდება, არის ის, რაც საქართველოში ხდებოდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში და რომ საქართველოს საკითხი უნდა იყოს საერთაშორისო სანქციების ნაწილი.
თავის დროზე უკრაინის წინა პრეზიდენტმაც თქვა, რომ, მოდი, ვითანამშრომლოთ ამ საკითხზე, რომ თქვენი თემაც იყოს სანქციების ამ პაკეტში და ივანიშვილის რეჟიმმა “დააიგნორა” ეს შეთავაზება, ახლა ამ შეთავაზებას ვისმენთ სტეფანჩუკისგან, რასაც ვერ ვისმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ აქ ჩამოვედი, ვნახე უბედურება და ეს უბედურება ხდებოდა საქართველოშიც 90-იანი წლებიდან, თუ მე ვერ მოვისმინე და გამომრჩა მისი ასეთი განცხადება, ეს სწორი იქნებოდა, მაგრამ ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს შემდგომი ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე ყველა ჩვენი პარტნიორის შეწუხება, სწორი გაგებით, რომ ის, რაც მოხდა ბუჩაში, ამის მსგავსი მოხდა 90-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და საქართველოს პრობლემები უნდა იყოს სანქციების ნაწილი, ამას უნდა ამბობდეს საქართველოს წარმომადგენელი და შემდეგ უკრაინული მთავრობის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ოღონდ ისინი ჩვენს ნაცვლად ამას ვერ იზამენ”, – აღნიშნა ბოკერიამ.