პოლიტიკური პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” განცხადებას ავრცელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიკროფინანსურ დახმარებაზე “უარის თქმასთან” დაკავშირებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაკროფინანსური დახმარება საქართველომ ვერ მიიღო მისი წინაპირობების შეუსრულებლობის, მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლისა და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის კრახის გამო.
“საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობისათვის სასამართლო რეფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას, წარმოუდგენელია საქართველოს წარმატებულ ქვეყნად ქცევა.
სწორედ ამიტომ არის სასამართლო რეფორმის საკითხი ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრებისათვისაც ყურადღების ცენტრში. ჩვენი პარტნიორები წლების განმავლობაში მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, განვითარებასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს მხარდაჭერა გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, ფინანსური დახმარებით. ჩვენთვის, ქართველებისთვის და ასევე ჩვენი ნამდვილი მეგობრებისათვის, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სასამართლო რეფორმა და სასამართლო ხელისუფლება სრულად დაიქვემდებარა.
„ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური კურსის მკაფიო გამოხატულებად მივიჩნევთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება „თავს იკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან, რაც აშკარად წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორციელებელ რეფორმებზე და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაგრძელება ევროკავშირთან შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას და პირველ რიგში დემოკრატიული რეფორმების გატარებას გულისხმობს, რაც კვლავაც შეუსრულებელია.
მოგეხსენებათ, რომ კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკას და უშუალოდ ხალხს სერიოზული ზარალი მიადგა, რომლის ოდენობაც პანდემიის არასწორი და უპასუხისმგებლო მართვის შედეგად მოსალოდნელზე გაცილებით დიდია. ამ მოცემულობის პირობებში, გუშინ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ურცხვად განგვიცხადეს, რომ საქართველოს ეკონომიკას აღარ სჭირდება მარკო-ფინანსური დახმარების მიზნით, ევროკავშირის მიერ მისაცემი უპროცენტო სესხი და ამიტომ უარს აცხადებენ მასზე.
დღეს, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ კი დაადასტურა, რომ ხელისუფლება თვალში ნაცარს გვაყრის და აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება საქართველომ ვერ მიიღო მისი წინაპირობების შეუსრულებლობის, მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლისა და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის კრახის გამო.
ყოველი ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ივარაუდა რა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დახმარების მეორე ტრანშის შეჩერება, „ქართულმა ოცნებამ“ ვიწროპარტიული ინტერესები დააყენა ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე მაღლა.
როგორც შარლ-მიშელის შეთანხმებიდან, ისევ ევროკავშირის დახმარების ამ ფორმატიდან გასვლა, რომლის მიზანიც იყო, მეტი დახმარება და ინტეგრაცია მეტი დემოკრატიული განვითარების სანაცვლოდ, ცალსახად გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ადგას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის და ავტორიტარიზმის გზას. ამ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომავალ არჩევნებს, რაც უნდა გახდეს ამ რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საწინდარი.”-აღნიშნულია განცხადებაში.