„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას ევროატკლანტიკურ კურსზე,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ენმ-ს ერთ-ერთი გზავნილი სწორედ აღნიშნული საკითხი იქნება.
მისივე თქმით, გზავნილები ასევე შეეხება „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხის, ისე მოსამართლეების დანიშვნის მიმართულებით.
„ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია შეთანხმება და ყველაფერს აკეთებდა, რომ დარღვეულიყო. კიდევ ერთი საკითხია საქართველოს მომავალი, დემოკრატიული უკუსვლა – ქვეყნის საგარეო კურსი ევროპელ მეგობრებს აშფოთებს. უკვე ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ღირებულებებზე და ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც ამ ქვეყანაში მრავალი თაობის მონაპოვარია.
ამიტომ, თავდასხმა ჟურნალისტებზე და უმცირესობებზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრემიერ – მინისტრის მხრიდან უპასუხისმგებლობა – პრეზიდენტ მიშელთან ჩვენი ძირითადი გზავნილები ეს იქნება. ჩვენ ასევე, გავახმოვანებთ ყველა ჟურნალისტის პოზიციას,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
