პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, გამოქვეყნებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ აქვს:
“10 აგვისტოს გამოქვეყნდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში, რაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ფუნდამენტური დოკუმენტია. ასოცირების ჩარჩო არის ჩარჩო, რომელმაც უკვე მოგვიტანა არაერთი სიკეთე, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირთან ვაჭრობა.
რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ჩვენს პერსპექტივას განსაზღვრას.
მას შემდეგ, რაც გვითხრეს, რომ ერთი მხრივ, ხალხი იმსახურებს ევროპის პერსპექტივას, მეორე მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია უკვე ორი თვე და ორი თვის შემდეგ ვკითხულობთ ანგარიშის, რომელშიც ნათქვამია, რომ არა თუ პროგრესია, არამედ ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები, როგორც შიდა ასევე გარე პოლიტიკაზე.
უარყოფითად შეფასდა 2020-2021 წლების არჩევნები და პირდაპირ პრობლემებია ჩამოთვლილი. ლაპარაკია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, იმ პრობლემაზე, რომელიც თან სდევს „ქართულ ოცნებას“. კონკრეტულად, საუბარია, როგორც ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვაზე.
როცა კანდიდატობის სტატუსის წინ იჭერ მედიის ხელმძღვანელს და ორი თვის შემდეგ ნაბიჯს არ დგამ, რომ მისი უფლებები იყოს აღდგენილი და აგრძელებ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვას, რა თქმა უნდა, კანდიდატობის სტატუსის არანაირი პერსპექტივა არ გექნება.
ასევე საუბარია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების არა არსებობაზე, პირდაპირ ძალიან მძიმე სიტყვა, რეგრესია მოხსენიებული. არავის აქვს ილუზია, რომ ამ სფეროში რამე კეთდება, პირიქით გვეუბნებიან, რომ გვაქვს სერიოზული უკუსვლა და ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში ხელი შეუწყო ჩინჩალაძის დანიშვნით.
საუბარია მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მათი უფლებების შელახვაზე. ინსტიტუტებზე თავდასხმა – როგორიცაა ომბუდსმენის ინსტიტუტი, ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება პოლიტიკური მიზნებისთვის. ასევე საუბარია ფარულ მოსმენებზე, მათ შორის დიპლომატებზე, რაც კატასტროფული სკანდალია ჩვენი ქვეყნისთვის.
გარდა ამისა, საუბარია საგარეო პოლიტიკაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო არ მიუერთდა სანქციებს. ანუ ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ უნდა იყოს ევროკავშირში, ამასთან ერთად, ნაკლებ და ნაკლებ უერთდება საერთაშორისო ღირებულების განცხადებებს.
ბრიფინგს არ ვაწყობ იმისთვის, რომ რაიმე ილუზია შევქმნა და მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მათ რამე გააკეთონ, იმიტომ რომ ეს წერტილი ამოწურულია.
ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენ ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს ის თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ახლა ჩვენი ჯერი და ვალია, რომ ვიმოქმედოთ და გავათავსიუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
რა წერია დოკუმენტში – ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ნიკა მელია: „რუსული ოცნება ხალხს აყენებს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა“