ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, რომლითაც გაშორებულ წყვილებს მიმართავს, შვილის თანდასწრებით ნუ ეცდებიან ყოფილი ცოლის ან ქმრის ავტორიტეტის განადგურებას, რადგან ეს ბავშვის განვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და საბოლოო ჯამში მშობელი იღებს უკანდახეულ, სიმორცხვისკენ მიდრეკილ და გაუბედავ ადამიანს.
„გაშორებულ წყვილებთან მაქვს საქმე. გაშორების მერე ხშირი არის ტენდენცია, როდესაც წყვილი იწყებს ერთმანეთის ლანძღვას ბავშვის წინაშე… დედაშენი ასეთია, მისი ნდობა არ შეიძლება. მამაშენი ასეთია, უპასუხისმგებლოა… იგულისხმება, რომ ჩვენ უკეთესები ვართ ამ დროს.
შინაგანი მოტივი გასაგებია. უნდათ ბრალის გადატანა თავიანთ წყვილზე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი აქ გახლავთ ის, რომ დედამიწაზე არავის, მით უმეტეს, მცირეწლოვან ბავშვს არ უხარია, რომ არის ვიღაც გამოშტერებულის შვილი.
რაც უფრო კარგად დავარწმუნებთ, რომ ის არის გამოშტერებულის შვილი, მით უფრო ვართმევთ მას იმ შინაგან საყრდენებს, ძირითად საშენ მასალას, რომლითაც ბავშვი სამყაროში უნდა დამკვიდრდეს, როგორც ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული არსება. დროთა განმავლობაში პირიქით, მივიღებთ უკანდახეულ, სიმორცხვისკენ მიდრეკილ, გაუბედავ ადამიანს. ამიტომ, როცა მოიტანთ ხელეჩოს და წალდუნას, რომ ამტვრიოთ თქვენი ყოფილი მეუღლის ავტორიტეტი, გახსოვდეთ, რომ ეს ბავშვის წინაშე სასურველია არ გააკეთოთ“, – აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.