საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, იემენმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს და რეგიონში დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლებები ამტკიცებენ, რომ ყატარი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს.
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრი წერს, რომ ერ-რიადმა ყატართან საზღვრები დაკეტა და მეზობელთან ყველანაირი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კავშირი გაწყვიტა.
არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კი ყატარის დიპკორპუსის წარმომადგენლებს 48 საათი მისცა, ქვეყანა დატოვონ. აბუ-დაბი ყატარს ტერორიზმის, ექსტრემიზმის და სექტანტური ორგანიზაციების დაფინანსებაში ადანაშაულებს.
დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება დოჰაში ჯერ არ გაიკეთებიათ. მანამდე ყატარის ხელისუფლებამ უარყო ბრალდებები ტერორიზმის დაფინანსების შესახებ.