LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთმა ბრალდებულმა გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო, ეს არაა ვარაუდი – პროკურორი

276
shaqara prokuror

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი მოწმის დაკითხვა იგეგმება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოისმენენ, რის შემდეგაც მოწმეებს დაკითხავენ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ,-ს ადვოკატმა გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, თუ როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს ის წყალში.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, გადააგდეს თუ არა შაქარაშვილი ბრალდებულებმა წყალში. გელხაურს აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი – ვინ მიაყენა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები და როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, არცერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა როგორ მიაყენეს შაქარაშვილს ამ პირებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს წყალში. ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ პირებს რაიმე სახით გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა ჰქონდათ. სასამართლოს ჩვენ პოზიციას დავუფიქსირებთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი ესაა. მნიშვნელოვანი ის არაა, აგარაკზე რომ დაიწყო კონფლიქტი, ასევე როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ეპიზოდი ძალადობის ნაწილში არ არის, ამაზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურას შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია, თუ რომელი მტკიცებულებით ადასტურებს შემხებლობას გარდაცვლილ შაქარაშვილთან იმ ბრალდებულების, რომლებიც ამ საქმეში არიან წარმოდგენილი. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც გამამართლებელი განაჩენია”, – განაცხადა გელხაურმა.

იგივე აზრს იზიარებს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

„გამოძიებამ ვერ გამოკვეთა არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ, საერთოდ ვერ დაადგინა მოხდა თუ არა მკვლელობა“, – აცხადებს ადვოკატი.

„ამ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს ჩვენს მოსაზრებას მოვახსენებთ და ასევე იმ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც ბრალდებამ წარმოადგინა, ეს გამართული სისხლის სამართლის საქმე არ არის, ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც სასამართლოს მოუტანეს, თვითონ გამოძიებამ და ბრალდების მხარემ პასუხი ვერ გასცა და ახლა სასამართლოს სთხოვენ, რომ პასუხი გასცეს. მათ ვერ გამოკვეთეს არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს მოხდა თუ არა მკვლელობა. ერთადერთი, რაც ამ საქმეში უდაოდ დადგენილია, არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა”, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.

დღევანდელ სხდომამდე პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა დაცვის მხარის ბრალდებებსაც უპასუხა, თითქოს მტკიცებულებები არასაკმარისია.

„გამიკვირდებოდა, ადვოკატებს საწინააღმდეგო რომ ეთქვათ. რა თქმა უნდა, იტყოდნენ, რომ მტკიცებულებები არ არის. ეს არასწორია. შესავალი სიტყვაში ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. ვისაუბრეთ, როგორ დაიწყო თავდასხმა, როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი, ჩანაწერებზეც ჩანს და მოწმეებიც არიან ადგილზე. მადლობა ღმერთს, იყვნენ იქ, დაინახეს და ასევე გაიგეს ხმები. დაინახეს, როგორ მისდევდნენ შაქარაშვილს და შემდეგ გაიგეს ხმები. უკან დაბრუნებულებმა წამოიყვანეს ამირხანაშვილი, ასევე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მას დაზიანებები ჰქონდა. ხუთმა ბრალდებულმა, რომლებსაც ბრალი აქვთ მკვლელობაზე წაყენებული, მათ ჩააგდეს წყალში, ეს არ არის ვარაუდი. ვიდეო ასახავს, რომ მისდევენ იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა. სამწუხაროდ, არ არის ვიდეოჩანაწერებზე ასახული მკვლელობის ადგილზე რაც ხდებოდა, თუმცა მტკიცებულებებია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იყვნენ – ახვლედიანი და ამირხანაშვილი. ახვლედიანმა დაადასტურა ეს ინფორმაცია. დღევანდელ პროცესზე დაიკითხება რამდენიმე მოწმე, მათ შორის წვეულებაზე მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომელი და კიდევ ერთი პირი, რომელიც „მერსედესისა“ და „ქამრის“ მანქანას უკან მიჰყვებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს – არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები