LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთშაბათს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, როდის გამოვა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტიდან: ხატია დეკანოიძე

104
ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში ფრაქციის გაფართოებული შეკრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ხუთშაბათს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე და როდის გამოვა ბოიკოტიდან“.

მისი განცხადებით, პარტიას დაგეგმილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლისთვისაც ოპოზიციას პარლამენტში 50 ხმა სჭირდება.

„განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, თუ როგორ გაგრძელდება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს პერიოდში. პირველი საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ამ საკითხს ცენტრალური ადგილი ჰქონდა ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე. ფრაქციის წევრებს გავაცანი რა მდგომარეობაა ამ საგამოძიებო კომისიაზე დღეისდღეობით. წინა კონსულტაციები ოპოზიციასთანაც იყო და არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებებიც, მაგრამ ერთიანი შეკრული მოსაზრებაა, რომ პარლამენტში ოპოზიციის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

ასევე განვიხილეთ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ფრაქციის წევრებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ჩვენი სტრატეგია. როგორც იცით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ამ დრომდე იმყოფება ბოიკოტში. მოვისმინე ჩემი თანაფრაქციელების გულწრფელი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას, კიდევ უფრო საჭიროებს დაკონკრეტებას და სხვადასხვა დეტალების განხილვას. ხუთშაბათს ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას და ვფიქრობ, რომ ცნობილი იქნება საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილება გარდა საგამოძიებო კომისიისა, როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე, როდის გამოვა ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ფრაქციის საქმიანობა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g