“დღეს წავაგეთ და წავედით ჭრილობები მოვიშუშოთ, ხვალ 10-ზე სასამართლოსთან და 7-ზე აქციაზე პარლამენტთან” – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იშლებიან. რაც შეეხება გეგმებს, დიღმელაშვილის თქმით, ჯერჯერობით ხვალ დაანონსებული ორი აქციის გარდა, სხვა სამომავლო გეგმებზე საუბარი ნაადრევია.ცნობილია, რომ მოძრაობა კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართავს.
რაც შეეხება დღეს დაკავებულთა შესახებ, ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია, რომლებიც პოლიციამ აქციის დაშლის დროს დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. აქციის ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა არ იცის, რომელ განყოფილებაში არიან გადაყვანილები დაკავებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ მათ ვინაობას. IPN-ის ინფორმაციით, ისინი დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაციაზე სულ 18 ადამიანია დაკავებული. პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა მეტია.
დაკავებულია 18 პირი – შსს
ცნობისთვის, გირჩის ლიდერი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აქციის დაშლისას დააკავეს, თავისუფალია
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ორი პირი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში ცხვირის ძვლების მოტეხილობით შეიყვანეს. დაზარალებულს ამ წუთებში უკეთდება ოპერაცია.
კიდევ ერთი დაშავებული, 40 წლამდე მამაკაცი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. დაშვებული ტვინის შერყევით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ შეიყვანა.პაციენტი მკურნალობას ნევროლოგიურ განყოფილებაში აგრძელებს. აქციის დაშლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში სულ სამი პაციენტი მოხვდა, მათგან ერთი უკვე გაწერეს.
რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გახსნილია. ამ დროისთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შემცირებულია სამართალდამცველთა რაოდენობა.
18 ნოემბერს განვითარებული მოვლენები მოკლედ:
დღეს,სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.
სხვა ვერაფერი შევძელი - მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა
ვინ არის მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა
დღის კადრად იქცა ახალგაზრდა მამაკაცის გადაწყვეტილება, სპეცრაზმის წინ დაწოლილიყო და ამ ფორმით შეეკავებინა მათი მსვლელობა.
სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)
აქციის დაშლის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე. მიუხედავად ამისა, თალაკვაძე ამბობს, რომ “2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში”.
ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს - ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე
,,შსს-მ აჩვენა, როგორი პასუხისმგებლიანია მოქალაქეების მიმართ"
ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ ერთი პირობით აპირებს – მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაა.
“სამოქმედო გეგმა არის სწორედ ის, რომ გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, იქნება ეს პიკეტირება, თუ სხვა ფორმა, მათ შორის მიტინგი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიმოქმედოთ უნისონში. ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ შევთანხმდეთ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ასევე უმნიშვნელოვანესია, შევთანხმდეთ სამოქალაქო აქტივისტებთან“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდეს დღეს ინფორმაცია.ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ოფიციალურ მიმართვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ხვალ გაავრცელებენ.