საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვალ საქართველოში გარკვეული რაოდენობის სწრაფი ტესტები შემოვა. მინისტრის თქმით, ოთხშაბათიდან დაიწყება მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა 4 ეტაპად მოხდება.
“როგორც დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანას, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე ოხშაბათიდან შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს დაეხმარება ჩვენს ექიმებს დროულად გამოავლინონ ახალი კორონავირუსით დაავადებული ადამიანები. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. პირველი ეტაპი განხორციელდება ხვალ, შემდეგი 27 მარტს და ბოლო ეტაპი 5 აპრილისთვის. რაოდენობა არის საკმარისი, რომ მოხდეს დიდი ჯგუფების გატესტვა” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.