LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: არჩევნების შემდეგ “ოცნება” ძალიან “გაბლატავებულია”, რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ერთ-ერთი ასეთი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვებაა

140
1

“გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია პარლამენტის მიერ ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის საკითხს ეხმიანება.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია მოღონიერებული და “გაბლატავებულია”, რაც მისი თქმით, ცუდ ქცევებში გამოიხატება. 

როგორც ხვიჩია განმარტავს, ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევა პარლამენტიდან ბადრი ჯაფარიძის გაშვებაა:

“ჩემი აზრით, 3 განსხვავებული შემთხვევაა – ელენე ხოშტარია თავად ითხოვს შეუწყდეს უფლებამოსილება, აქ არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის; რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, წელიწად-ნახევარია პოლიტიკური “შატალოთია” დაკავებული, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ამომრჩეველი ღირსიც კი არის უსმინოს მას 3 წელი აქ და ჩვენი უფლება არ არის აქედან გავრიცხოთ შალვა ნათელაშვილი.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ის ნასამართლევიც კი არ არის, არც კი მისცემია სასამართლოში საშუალება იმ საკითხებზე ემსჯელა, რაზედაც გაამტყუნეს, ამ თემას არ მოჰყოლია არანაირი შეზღუდვა, მისი არც ერთი უფლება არ შეზღუდულა სასამართლოს მიერ და ამ დროს ჩვენ პარლამენტიდან ვუშვებთ, ჩემი აზრით, ეს არის არასწორი ქმედება ამ ქვეყნის და მისი პარლამენტარიზმის წინაშე.

რა შეიძლება იყოს ამის ზუსტი მოტივი, შეიძლება ამაზე ვიმარჩიელოთ, მაგრამ ზოგადი სურათი არის ის, რომ არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” მოღონიერებული და ძალიან “გაბლატავებულია”, რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ბადრი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევაა”, – ამბობს ხვიჩია.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატების – ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

mazda magti 5g