საფრანგეთში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე L’Ombre d’un court ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა “ჯიბის კაცი” ორი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო სცენარი ახალგაზრდული ჟიურისაგან და ახალგაზრდა მაყურებლის პრიზი.
“ჯიბის კაცი” პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში. ფილმი ეროვნული კინოცენტრის დახმარებით, სტუდიაში “კვალი XXI” და ფრანგულ სტუდია ფოლიმაჟში 10 თვის განმავლობაში იქმნებოდა.
“ჯიბის კაცი” საერთაშორისო მაყურებლის წინაშე პირველად ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წარსდგა. წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ კი მონრეალის კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მოპოვება შეძლო.
ზაფხულში “ჯიბის კაცი” ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, ანსის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.