„იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით, პირველად გაიმართა ქართველი კომპოზიტორის – დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო“, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანი კომპოზიტორის შემოქმედების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე ქართული მუსიკის სათანადოდ წარმოჩენაა.
„კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს „ოქროს ფონდში“ განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: გიორგი ანდღულაძემ, ქეთი მელუამ, იანო ალიბეგაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ლელა მჭედლიძემ, ლევან დეისაძემ, დიმიტრი საკანდელიძემ და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდულმა კაპელამ. საღამო მუსიკალურად გააფორმა სკარლატის სახელობის ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით.
აღსანიშნავია ქართველი ბანის – გიორგი ანდღულაძის წვლილი ამ პროექტის განხორციელებაში. სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი როგორც ძეფირელის სახლ-მუზეუმში კონცერტის გამართვა, ისე Orchestra Domenico Scarlatti-სთან უსასყიდლო თანამშრომლობა.
კონცერტის პარალელურად, ძეფირელის ფონდის დარბაზში მოეწყო ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს…
Posted by საქართველოს კულტურის სამინისტრო on სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025