ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის 1200-მდე პაციენტი, რაც საკმაოდ საყურადღებოა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მობილიზებული იყოს საწოლები. დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31ათას პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ოჯახის ექიმები. ისინი კონსულტაციას უწევენ პაციენტებს ბინაზე მკურნალობაში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტები გადადიან იმ კლინიკებში, რომელსაც ოჯახის ექიმი გადაწყვეტს და შესაბამისად, ისინი გადიან კიდევ დიაგნოსტიკას, ასევე, მობილიზებულია და ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდსასტუმროებში და დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში გადის 1200-მდე პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო.
მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში, ასევე არ დაავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.