LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა.. უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, თუ უკრაინაში „ბუკებს“ გავგზავნიდით, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში

136
Untitled design

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ფრენების შესაძლო აღდგენისა და რუსების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია არ გამოირიცხება. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადება სამარცხვინო სპეკულაციური განცხადებაა:

„კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს მიჩვეულები ვართ. ეს სამწუხარო მოვლენაა.

შემიძლია ვთქვა, რომ კასიანოვს იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ ჩვენ „ბუკებს“ გავგზავნიდით უკრაინაში.

ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.

ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოში რუსების მოზღვავებასთან. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ, ერთი მარტში, მეორე ზაფხულის სეზონზე და მესამე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია.

არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება.

ფრენები ცალმხრივად არის შეწყვეტილი რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ.

ერთადერთი რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებით, უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში რუსების შემოდინების გამო საფრთხე იქნება, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

ანდრეი კასიანოვმა ამის შესახებ „ევოპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხზე საუბრის დროს განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g