„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ თეორიულად ევროკომისია და ევროსაბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციას გაიმეორებენ, მმართველი გუნდის მხრიდან ამას ძალიან მძიმე რეაქცია ექნება.
აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პრაქტიკულად მას ჰგონია, რომ ეს ვერ მოხდება. მისივე თქმით, ასევე უნდა იმსჯელონ, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი.
კობახიძე: ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირებაა
„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მგონია, რომ ეს პრაქტიკულად ვერ მოხდება, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ კომისიამ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა, ამას არ ვიცი რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, წინასწარ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიჭირს.
გავიხსენოთ თვითონ ევროპარლამენტის რეზოლუცია. იქ წერია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია და უნდა დავსაჯოთ, ანუ მათ მოუწოდეს კომისიას და საბჭოს, რომ დასაჯონ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს.
ახლა წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ, რომ გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია.
ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს ჩვენთვის, ობიექტურად მძიმედ მისაღები იქნება.
ზოგადად, ერთ რამეს ვიტყვი, რომ ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და მათ შორის დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და განადგურებისთვის არ გავწირეთ.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ემხრობა.