LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომოს ტბაზე ტურისტებს მაისურის გარეშე სეირნობისთვის 200 ევროთი დააჯარიმებენ

105
ქირიას NEWS შაბლონი (2)

იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ადგილას – კომოს ტბის სანაპიროზე მდებარე სოფელ ვარენაში ტურისტებისთვის ჩაცმის ახალი წესები ამოქმედდა. ამიერიდან ისტორიულ ქუჩებში მაისურის გარეშე, შიშველი ტანით ან მხოლოდ საცურაო კოსტიუმით გადაადგილება აკრძალულია, ხოლო დამრღვევებს 50-დან 200 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პლაჟის ტანსაცმელი ნებადართული იქნება მხოლოდ ტბის სანაპიროზე, პირსებზე და ნავებზე, მაგრამ არა სოფლის ქუჩებში, მოედნებზე, მაღაზიებსა და რესტორნებში.

ვარენა პატარა ისტორიული დასახლებაა, სადაც დაახლოებით 650 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ყოველწლიურად მას ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ახალი წესების მიზანია მასობრივი ტურიზმის გავლენის შემცირება და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის დაცვა.

„ტურიზმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადგილობრივების კომფორტი არ უნდა შეეწიროს მასობრივ ტურიზმს“, – განაცხადა ვარენას მერმა მაურო მანცონიმ.

ახალი რეგულაციები მხოლოდ ჩაცმულობას არ ეხება. ხელისუფლებამ ასევე შეზღუდა ტურისტული ჯგუფების რაოდენობა – მაქსიმუმ 25 ადამიანი, ხოლო გიდებს აუკრძალა ხმამაღალი გამაძლიერებლების გამოყენება, რათა ვიწრო ისტორიულ ქუჩებში ხმაური და გადაადგილების პრობლემები შემცირდეს.

ვარენა იტალიის იმ ტურისტულ ადგილებს შეუერთდა, რომლებიც ბოლო წლებში  გადამეტებული ტურიზმის პრობლემასთან ბრძოლას ცდილობენ. მსგავსი შეზღუდვები უკვე დაწესდა სხვა პოპულარულ კურორტებზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ქალაქების იერსახე და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები