კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორაციული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიაში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „სელფი მობაილის“, მცირე და საშუალო ოპერატორებისა და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (Mobile Virtual Network Operator – MVNO) ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

კომპლექსური კვლევის პირველი და მეორე ეტაპის მიზანია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი გახდეს კონკურენტული, ტელეკომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ხოლო მცირე ზომის ოპერატორები მეტად განვითარდნენ და შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე. ამასთან, მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის და ალტერნატიული სერვისების მიღების შესაძლებლობა, რაც გაზრდის კონკურენციას და უზრუნველყოფს მომსახურებების მრავალფეროვნებასა თუ ხელმისაწვდომობას.
კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი ასევე მოიცავს იმ საბითუმო ბაზრების ანალიზს, რომლებიც კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში შეფასდა როგორც პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრები. ესენია: საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების საბითუმო ბაზარი და IP ტრანზიტის საბითუმო ბაზარი (მათ შორის გლობალურ ინტერნეტ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზარი). კვლევის შედეგად დადგინდება, არსებობს თუ არა აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ქმედითი და პროპორციული მარეგულირებელი ჩარჩო განისაზღვრება.