LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონცერნი Stellantis-ი რამდენიმე ავტობრენდის გაყიდვას ან დახურვას განიხილავს

129
Stellantis-dependability-problem

Stellantis-ის ახალმა ხელმძღვანელმა ანტონიო ფილოსამ, რომელიც თანამდებობაზე ამ წლის ზაფხულში დაინიშნა, კონცერნის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. სააგენტო Carbuzz-ის ცნობით, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, ფილოსას ხელმძღვანელობით Stellantis-ი მიზნად ისახავს ბოლო წლებში დაკარგული ბაზრის წილის დაბრუნებასა და შემოსავლების აღდგენას. ერთ-ერთ შესაძლო ინსტრუმენტად კი კონცერნში შემავალი ზოგიერთი კომპანიის გაყიდვა ან დახურვა განიხილება.

თუ Stellantis-ი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, სავარაუდოდ, ევროპული ბრენდები აღმოჩნდებიან. სააგენტოს წყაროები მაგალითად ასახელებენ Peugeot-სა და Opel-ს, რომლებიც ბაზრის ერთსა და იმავე სეგმენტებში ოპერირებენ და ერთმანეთთან კონკურენციაში არიან. ასევე საუბარია პრემიუმ მწარმოებლებზე – DS-სა და Lancia-ზე, რომელთა გაყიდვების მაჩვენებლები კონცერნის მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, Stellantis-ის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა Fiat-ისა და Alfa Romeo-ს შედეგებით. მაგალითად, აშშ-ის ბაზარზე, რომელსაც კონცერნი ერთ-ერთ საკვანძოდ მიიჩნევს, ამ ორი ბრენდის ჯამური გაყიდვები ჩამოუვარდება Dodge Charger Daytona-ს, არც თუ ისე ყველაზე პოპულარულ მოდელს. კითხვებს აჩენს Chrysler-იც – მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ავტორიტეტულად ითვლება, მისი სამოდელო რიგი ამ ეტაპზე მხოლოდ Pacifica-სა და Voyager-ის მინივენებით შემოიფარგლება. Stellantis-ში ამჟამად თითოეული ბრენდის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას აფასებენ.

წყაროების ინფორმაციით, კონცერნმა ასევე უარი თქვა ყოფილი ხელმძღვანელის დეკლარირებულ მიზანზე – სამოდელო რიგის მაქსიმალურ ელექტრიფიკაციაზე. ადრე იგეგმებოდა, რომ 2030 წლისთვის ევროპაში Stellantis-ის ყველა გაყიდვა, ხოლო აშშ-ში მინიმუმ ნახევარი – ელექტრომობილები ყოფილიყო. ახლა კი კომპანია შიდა წვის ძრავების მქონე ავტომობილების აქტიურ პოპულარიზაციას უბრუნდება. პარალელურად მნიშვნელოვნად შემცირდება ინვესტიციები ავტონომიური ტექნოლოგიებისა და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების განვითარებაში.

ოქტომბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Stellantis აშშ-ში არსებულ ფილიალში დამატებითი საინვესტიციო რაუნდის ჩატარებას გეგმავს. აღნიშნული თანხები ადგილობრივი ბრენდების სამოდელო ხაზების გაფართოებასა და წარმოების მოცულობის გაზრდას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g