LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონცერტით, რომელიც 3 მარტს მოეწყობა, დაბადების დღეს აღვნიშნავ, ბავშვობიდან მიყვარს საკუთარი დაბადების დღე“ – მაია ბარათაშვილი „არტ-FM“-ში

157
მაია-ბარათაშვილი

16 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი მაია ბარათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და 3 მარტს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

სიამოვნებით ვიმოგზაურებ რეგიონებში, მით უფრო, რომ თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად არა ერთი კონცერტი მომიწყვია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რადგან ყველა კუთხეს თავისი ელფერი, გემო და არომატი აქვს, ჩვენი მოგზაურობა ყოველთვის ემოციური და შთაბეჭდილებებით სავსეა, რადგან ყოველთვის უამრავი სიახლეს ვპოულობ. ძალიან მიყვარს ქუთაისი, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. არაჩვეულებრივი კონცერტი მქონდა სამეგრელოში, სადაც სიამოვნებით დავაგემოვნეთ ადგილობრივი კერძები. სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვართ მთიან რეგიონებში, სვანეთსა და თუშეთში, თუმცა აუცილებლად გამოვასწორებთ დანაკლისს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მიხარია, რომ ჩემი საქმიანობის წყალობით მთელი წელი სწორედ გასტროლებითა და მოგზაურობით მაქვს დატვირთული.

ძალიან დატვირთული იყო გასული წელიც, რადგან უამრავ ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში მოვაწყვე კონცერტი ქართული კულტურის დღეების ფარგლებში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ სათვისტომოს ქალბატონ ირინა ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც არაჩვეულებრივ გამოფენებს და კონცერტებს გაუწია ორგანიზება სტოკჰოლმში.  ძალიან საინტერესო გამოსვლა მქონდა ციურიხის კონსერვატორიაში, რომელიც ისევ ქართული სათვისტომოს ორგანიზებით მოეწყო, ბელგიაში კი, საზღაო ქალაქ მიდლეკერკეში გავმართეთ კონცერტი მე და გია რაქვიაშვილმა. საღამო თავდაცვის სამინისტროს ყოფილ შენობაში მოეწყო, რომელიც თავისი უნიკალურობით გამოირჩევა სხვა შენობებისგან. კალიფორნიაში ჯერ ადგილობრივი მხატვრის გალერეაში მოვაწყვეთ საღამო ძალიან საინტერესო ფორმატით, რადგან მუსიკა და სხვადასხვა თემაზე დისკუსიები გავაერთიანეთ, მერე კი, ქართული კულტურისა და განათლების ცენტრში გადავინაცვლეთ, სადაც კიდევ ერთი კონცერტი გავმართეთ.

კონცერტით, რომელიც 3 მარტს მოეწყობა, დაბადების დღეს აღვნიშნავ. საღამო შერატონ გრანდ მეტეხი პალასის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება. პარტნიორობას New-York – Tbilisi Connection Trio-ს წევრები და სპეციალური სტატუსით მოწვეული სტუმრები რომა რცხილაძე და ვანიანო ხაჩიძე გამიწევენ, საღამოს კი, მარინა სალუქვაძე გააფორმებს მედია-არტის დეტალებით. კონცერტზე რამდენიმე ახალი კომპოზიცია გაჟღერდება, რომელიც მანამდე არასდროს შემისრულებია. არაა გამორიცხული საღამოზე მოსულმა მსმენელმა სრულიად განსხვავებული მაია აღმოაჩინოს, რომელსაც მანამდე საერთოდ არ იცნობდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელიც ყოველთვის მხარში გვედგა და ახლაც ჩვენს გვერდითაა.

ბილეთს ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი ექნება, რადგან მინდა, რომ ჩემმა მსმენელმა მასიურად შეძლოს კონცერტზე დასწრება, მით უფრო, რომ მეტად საზეიმო გარემოს შექმნას ვგეგმავთ, სადაც პუბლიკა გაპრანჭვასაც შეძლებს, ახლობლების ნახვასაც და სასიამოვნო მუსიკას მოსმენასაც.

ბავშვობიდან მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, რადგან ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. უამრავი მეგობარი იკრიბებოდა ჩემს სახლში და ფანტასტიკურ დროს ვატარებდით. მოგვიანებით ერთგვარ ტრადიციად ვაქციე 3 მარტს კონცერტის მოწყობა, რადგან ძალიან მომწონს ღირსშესანიშნავი დღის მუსიკით გაფორმება.

ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ იდეალური ფორმის შენარჩუნებას. სინამდვილეში არანაირი საიდუმლო არ მაქვს, უბრალოდ მარტივად ვიკვებები. ჩემი მენიუ მხოლოდ ავოკადოსგან, ყველისა და დაბალი გლიკემიური მაჩვენებლის ხილისგან შედგება. იშვიათად ვსვამ ყავას, რადგან ძალიან მიყვარს ჩაი, საერთოდ არ მივირთმევ ტკბილეულს და ძალიან ბევრს – დღეში მინიმუმ 10 კილომეტრს დავდივარ ფეხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები