საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის თერთმეტი თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 791 განაცხადი დაფიქსირდა. გენდერული ნიშნით განმცხადებლების მაჩვენებლებიდან 70% ქალს და 30% მამაკაცს შეადგენს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით:
- 147 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 78 დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
- სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 44 მოვაჭრეს, 75 საქმეზე, ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 44 901 ლარი.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 151 საქმეზე 128 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლის და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენის ვალდებულება აიღეს, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
სააგენტოში შესული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით, თბილისი ლიდერობს.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 275, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე – 232, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 133, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – 45, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 30, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 26, სხვა დანარჩენზე – 50.
საანგარიშო პერიოდში, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 3%, მშენებლობა – 2%-ს, სხვა სახის საქმიანობა -10%-ს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected].
ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15 20