2025 წლისთვის კოპენჰაგენის ცენტრში ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრამდე შეიზღუდება. დანიის დედაქალაქის სხვა ნაწილებში მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ იქნება.
ქალაქებში სიჩქარის შეზღუდვის რეკომენდაციას ევროპის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო (ETSC) იძლევა. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მძიმე ტრავმებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმ 50%-ით შეამციროს. როგორც წესი, ასეთ ავარიებში ყველაზე ხშირად ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისები ზარალდებიან ხოლმე.
მსგავსი სიჩქარის შეზღუდვა უკვე ამოქმედდა ბევრ ევროპულ დედაქალაქში – მაგალითად, ამსტერდამში, სოფიაში, პარიზში, ბრიუსელში და ესპანეთის ბევრ ქალაქში.
რაც შეეხება კოპენჰაგენს, დაბალსიჩქარიანი ზონების დამსახურებით მერიას ხმაურის დაბინძურების შემცირებაც სურს. საქმე ისაა, რომ ევროპის მოსახლეობის 20% ხმაურის დაბინძურებით იტანჯება.