თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სულ 20 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც “კოვიდ-19” გუშინ საღამოს დაუდგინდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების 4 წყარო დაფიქსირდა, ორი იტალიიდან, ერთი ირანიდან და ერთი ესპანეთიდან.
ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთი ადამიანის ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს შედარებით რთულ ფორმაში, თუმცა კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის თქმით, მას არ აღენიშნება არც გართულება და არც გაუმჯობესება.
ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა იმ პაციენტებზე, რომლებსაც პნევმონია აქვთ და აღნიშნა, რომ სამ პაციენტს კიდევ ერთი დაემატა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკურად გართულებული არ არის. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და ინფექცია მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, სხვადასხვა გამოხატული ნიშნებით.
ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იტალიიდან ჩამოსული ერთ-ერთი ოჯახის წევრია. ეპიდისტორიის მიხედვით, ის განეკუთვნება იმ წყაროს, რომელსაც თავდაპირველად 6 დადასტურებული შემთხვევა, ხოლო მოგვიანებით კიდევ 5 დაინფიცირებული დაემატა. გავრცელებული ინფორმაციით, 11-ვე პირი ერთი კლასტერის წარმომადგენელია.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მცირეწლოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, პაციენტის ინფექცია, როგორც მსოფლიოს სხვა შემთხვევებიდან არის ცნობილი, შედარებით მსუბუქ ფორმებში ვითარდება, ვიდრე ასაკოვან ადამიანებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით სულ 23 ადამიანია დაინფიცირებული.
4 299 გარდაცვლილი და 66 563 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის მონაცემები მსოფლიო მასშტაბით